English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘
კომპანიის ფულადი ნაკადების ეფექტიანი მართვის შესახებ

კომპანიის ფულადი ნაკადების მართვა ფინანსური საქმიანობის ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვანია ზოგადად ბიზნესის გაჯანსაღებისთვის.

ფულადი ნაკადები ნებისმიერი კომპანიისთვის მამოძრავებელ ძალაა და მისი მართვის სწორი სტრატეგიის შემუშავება სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის ნებისმიერი სექტორისთვის.

წინამდებარე კვლევის მიზანია ფულადი ნაკადების მართვასთან დაკავშირებული თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტების განხილვა და მათ მოძრაობაზე მოქმედი ფაქტორების შეფასება კომპანიის ფულადი ნაკადების მართვის გაუმჯობესების მიზნით. თემის დამუშავებისას გამოყენებულ იქნა კვლევის სისტემური და ლოგიკური განზოგადების, ასევე – ანალიზისა და სინთეზის მეთოდები.

კომპანიის ფულადი ნაკადების ეფექტიან მართვასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების განხილვისას ჩამოვაყალიბეთ ჩვენი შეხედულებები ფულადი ნაკადების, მისი მართვისა და ანგარიშგების თეორიული საფუძვლების ზოგიერთ საკითხებზე.

ფულადი ნაკადების გაზომვისა და ანგარიშგების მეთოდები ერთმანეთისგან განსხვავდება მხოლოდ საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი ნაკადების გამოთვლის სპეციფიკით. პირდაპირ მეთოდთან შედარებით, არაპირდაპირი მეთოდი გაცილებით ინფორმაციულია კომპანიის მენეჯმენტისთვის, რადგან იგი აჩვენებს კავშირს მიღებულ მოგებასა და  ფულად ნაკადებს შორის. 

  ფულის მართვის მოდელების განხილვა საშუალებას გვაძლევს ვაღიაროთ Miller-Orr-ის მოდელის უპირატესობა Baumol-ის მოდელთან შედარებით, სწორედ ამიტომ მოცემული მოდელი მეტად გამოყენებადია.

საკვანძო სიტყვები:ფულადი ნაკადები,ფულადი ნაკადების მართვა, ფულადი ნაკადების მართვის მეთოდები, ფულადი ნაკადების მართვის მოდელები.

 

შესავალი

 

კომპანიების მიერ ეფექტიან ორგანიზებული ფულადი ნაკადები მისი ფინანსური მდგომარეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი და ამავე დროს, მდგრადი ზრდის და ეკონომიკური საქმიანობის გაზრდილი შედეგების მიღწევის საფუძველია. ფულადი ნაკადების ანგარიშგება გვიჩვენებს ფულად ნაკადებს კონკრეტული პერიოდისთვის და მის გავლენას კომპანიის მდგომარეობაზე. მოგება არ იძლევა სრულ წარმოდგენას კომპანიის ფულადი ნაკადების შესახებ კონკრეტული პერიოდისთვის, სწორედ ამითაა განპირობებული ფულადი ნაკადების მნიშვნელობა, რადგან, როგორც წესი, ნაღდი ფული გადამწყვეტია ნებისმიერი ბიზნესისთვის. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, კომპანიებს შორის არსებული კონკურენციის გამო, რთულია როგორც მოგების ზრდა, ასევე, დადებითი ფულადი ნაკადების შენარჩუნებაც. ბაზარზე ახალი მომხმარებლების მოსაზიდად და არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიებს უწევთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ლიკვიდურობასა და გადახდისუნარიანობაზე.  იქედან გამომდინარე, რომ კომპანიების ძირითადი მიზანი მოგებისა და ბაზრის წილის ზრდაა, ყურადღების მიღმა რჩება ფულადი ნაკადების პროგნოზირება და მართვა. იმის გამო, რომ ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებით შემოსავლისა და ხარჯების აღიარება ხდება დარიცხვის და არა საკასო მეთოდით, საანგარიშგებო პერიოდში ფინანსური შედეგისა და წმინდა ფულადი ნაკადების მაჩვენებლები განსხვავებულია. 

ფულადი ნაკადები ნიშნავს ფულადი სახსრებისა და მათი ექვივალენტების როგორც შემოდინებას, ასევე, გადინებას. ფულად სახსრებში იგულისხმება ნაღდი ფული, დეპოზიტები მოთხოვნამდე, ხოლო ფულადი სახსრების ეკვივალენტები არის მოკლევადიანი, მაღალლიკვიდური ინვესტიციები, რაც დაუყოვნებლად გაიცვლება ნაღდი ფულის წინასწარ ცნობილ ოდენობაზე და რომელთა შეცვლის რისკი უმნიშვნელოა (ჭილაძე, გოგრიჭიანი 2011, 241).

 

 

ფულადი ნაკადების ანგარიშგების მეთოდები

ფულადი ნაკადების მართვა უწყვეტი პროცესია, რომელიც მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილს, კერძოდ: ადამიანურ რესურსს, ფინანსურ მაჩვენებლებს, მართვის საკითხებს და შესაბამის ტექნოლოგიურ დონეს.  ფულადი ნაკადების მართვის ეფექტიანი პრაქტიკის არ არსებობის გამო, შესაძლოა მომგებიანი კომპანიებიც კი გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით კი სწრაფად მზარდი ან სეზონურ ინდუსტრიაში ფუნქციონირებადი კომპანიები. ფულადი ნაკადების ეფექტიანი მართვის თანამედროვე პრინციპების, მექანიზმებისა და მეთოდების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება უზრუნველყოფს კომპანიის გადასვლას განვითარების ახალ ეტაპზე.

 ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგების სტანდარტულისტრუქტურა

ნახაზი 1

 

ფულადი ნაკადები არის კომპანიის საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრებისა და გადახდების ერთობლიობა. საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი ნაკადები უკავშირდება საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს, შესყიდული საქონლის ღირებულების დაფარვას, გაწეულ მომსახურებაზე საზღაურისა და ხელფასების გაცემას, დივიდენდებისა და პროცენტების გადახდას, სადაზღვევო თანხებისა და სხვა მიმდინარე ხარჯებისთვის გადახდილ ფულად ნაკადებს. ფულადი ნაკადები საინვესტიციო საქმიანობიდან, როგორც წესი, ასახავს გადახდებს, რაც საჭიროა ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების შესაძენად. საინვესტიციო საქმიანობის ფულადი ნაკადები ასახავს კომპანიის მიერ ფულადი სახსრების მიღებას ფინანსური ინვესტიციებიდან - გაცემული სესხები ან სხვა კომპანიის აქციების შეძენა. საფინანსო საქმიანობიდან ფულადი ნაკადებიუკავშირდება სესხის აღებას ან სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, ასევე, სესხის, იჯარისა და სხვა სავალო ინსტრუმენტების დაფარვას ან ვალდებულებების შემცირებას. შედეგად საანგარიშო პერიოდისთვის მიიღება წმინდა ფულადი ნაკადებისა და ფულის ეკვივალენტების ზრდა ან შემცირება.

 

ფულადი ნაკადების მოძრაობა

ნახაზი 2

 

კომპანიების სხვადასხვა ტიპის საქმიანობიდან გამომდინარე, ფულადი ნაკადებისა და ფულის ეკვივალენტების ბალანსი განსხვავებულია, რომლის წმინდა ზრდა ან შემცირება არის ყველა აქტივობის ეფექტის შედეგი. გასათვალისწინებელია, რომ ისრები მიუთითებს ფულადი ნაკადების ნორმალურ მიმართულებას შესაბამისი აქტივობიდან, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია საპირისპირო მიმართულებაც.

წმინდა ფულადი ნაკადები ფულის ის რაოდენობა, რომელიც რჩება გასავლების შემდეგ, და შეიძლება იქნეს განაწილებული ინვესტორებს შორის. სწორედ მოცემული პარამეტრი გამოიყენება ხშირად კომპანიების შესაფასებლად, რადგან სწორედ ის აჩვენებს რა ოდენობის ფულადი შემოსავალი აქვს კომპანიას. უარყოფითი ფულადი ნაკადები თავისთავად არ არის პრობლემა, ეს შეიძლება იყოს კომპანიიის მიერ დიდი ინვესტიციების ან სწრაფი ზრდის მაჩვენებელი. კომპანიის საწყის ეტაპზე მოსალოდნელია, რომ ფულადი ნაკადები იქნება უარყოფითი კომპანიის საქმიანობაში რეინვესტირებიდან და ზრდის პერსპექტივებიდან გამომდინარე. თუმცა, ეს პარამეტრი რომ გამართლებული იყოს, კომპანია გაწეული დაბანდებებით მომავალში სარგებლის მიღებას უნდა უზრუნველყოფდეს.

კომპანიის ფულადი ნაკადების მართვა წარმოადგენს ფინანსური საქმიანობის ნაწილს, რომელიც მნიშვნელოვანია ზოგადად ბიზნესის სიჯანსაღისთვის. ფინანსური მენეჯმენტი და ფულადი ნაკადების მართვასთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბევრი კომპანიისთვის. ფულადი ნაკადების ეფექტიანი მართვა მოითხოვს შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების შემდეგ ეტაპებს:

  • კომპანიის ფულადი ნაკადების  წინა პერიოდის ანალიზი;
  • კომპანიის ფულადი ნაკადების ფორმირებაზე მოქმედი ფაქტორების კვლევა;
  • კომპანიის ფულადი ნაკადების მართვის პოლიტიკის ტიპის დასაბუთება;
  • კომპანიის ფულადი ნაკადების ოპტიმიზაციის მეთოდების შერჩევა და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის ფულადი ნაკადების დაგეგმვა;
  • კომპანიის ფულადი ნაკადების მართვის შერჩეული პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფა.

ფულადი ნაკადების ანალიზის მიზანია როგორც სახსრების დეფიციტის მიზეზების დადგენა, ასევე, დაფინანსების წყაროებისა და ხარჯების მიმართულებების განსაზღვრა, რათა განხორციელდეს კომპანიის მიმდინარე გადახდისუნარიანობის კონტროლი.

პრაქტიკაში გამოიყენება ფულადი ნაკადების გამოანგარიშების პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდები. მათ შორის განსხვავება პროცედურების თანმიმდევრობაშია, რომლითაც განისაზღვრება ფულადი ნაკადების ოდენობა, კერძოდ, განსხვავებულია საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი ნაკადების გაანგარიშება, ხოლო საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობიდან მიღებული ფულადი ნაკადები იანგარიშება ერთნაირად.

პირდაპირი მეთოდი ეფუძნება ფულადი ნაკადების ანგარიშებზე ბრუნვის შედეგების ასახვას და შესაბამისად, გაანგარიშება ხდება ფულადის ნაკადების შემოდინების - პროდუქციის, სამუშაოებისა და მომსახურების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები, მიღებული ავანსები და სხვა., და გადინების - მომწოდებლებისთვის თანხის გადახდა, სესხების დაბრუნება და სხვა საფუძველზე.

პირდაპირი მეთოდით ნაღდი ფულის ანალიზის შედეგად შესაძლებელია შეფასდეს კომპანიის ლიკვიდურობა, რადგან ის დეტალურად ასახავს ფულადი ნაკადების მოძრაობას ანგარიშებზე და საშუალებას იძლევა გაკეთდეს  დასკვნები მიმდინარე ვალდებულებებისთვის სახსრების ადეკვატურობასთან დაკავშირებით. პირდაპირი მეთოდი არ ითვალისწინებს კომპანიის ფულადი ნაკადების აბსოლუტური ოდენობის ცვლილებებსა და ფინანსური შედეგის ურთიერთკავშირს. აღნიშნული კი წარმოადგენს მოცემული მეთოდის ნაკლოვანებას.

რაც შეეხება არაპირდაპირ მეთოდს, ის გულისხმობს მოგების კორექტირებას არაფულადი მუხლებით და შესაბამისად, მოგებიდან წმინდა ფულადი ნაკადების მიღებას. ეს მეთოდი სასურველია ანალიტიკური თვალსაზრისით, რადგან ის საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კავშირი კომპანიის ფინანსურ შედეგებსა და ფულად საშუალებებს შორის. არაპირდაპირი მეთოდით საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული წმინდა ფულადი ნაკადების განსასაზღვრავად წმინდა მოგების სიდიდე უნდა დავაკორექტიროთ არაფულადი მუხლები: ამორტიზაცია, ზარალი ან მოგება ვალუტის კურსთაშორის სხვაობიდან, ასევე, ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, მარაგების, სავაჭრო მოთხოვნებისა და ვალდებულებების ცვლილება.

კომპანიის ფულადი ნაკადების მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ეტაპი მისი ოპტიმიზაციაა, რაც გულისხმობს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პირობებისა და მახასიათებლების გათვალისწინებით საუკეთესო ფორმების არჩევის პროცესს. ფულადი ნაკადების მართვის პროცესში უნდა გადაწყდეს მნიშვნელოვანი ამოცანა - რეზერვების იდენტიფიცირება, რაც შეამცირებს კომპანიის დამოკიდებულებას ფულადი ნაკადების მოზიდვის გარე წყაროებზე. ფულადი რესურსების დეფიციტის ოპტიმიზაციის მეთოდები მოიცავს  სახსრების მოზიდვის დაჩქარებას და მათი გადახდების შენელების აუცილებლობას მოკლევადიან პერიოდში, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, დადებითი ფულადი ნაკადების მოცულობის ზრდას და უარყოფითი ფულადი ნაკადების მოცულობის შემცირებას.

 

ფულის მართვის მოდელები

 

კომპანიის ფულადი ნაკადების მართვის მთავარი ამოცანაა მინიმალური დონის ლიკვიდობით უზრუნველყოფა, რაც საჭიროა მოკლევადიან პერიოდში დეფოლტის რისკის თავიდან ასაცილებლად. მოცემული პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია ფულის მიზნობრივი დონის განსაზღვრით ან ისეთი მოდელის შემუშავებით, რომელიც დეფოლტის რისკს და ფულის ფლობით გამოწვეულ ალტერნატიულ დანახარჯს შეინარჩუნებს მინიმალურ დონემდე.   ნაღდი ფულის მიზნობრივი დონე წარმოადგენს ფულის იმ რაოდენობას, რაც კომპანიას უნდა ჰქონდეს რეზერვში გარკვეული პერიოდში. ამავე დროს, სირთულეა ის ფაქტი, რომ თუ კომპანიას აქვს ნაღდი ფულის ზედმეტი რაოდენობა, მაშინ ის ხელიდან უშვებს ინვესტირების შესაძლებლობებს, ფული არ გამოიმუშავებს სარგებელს და შესაბამისად, აქვს ფულის ფლობის მაღალი ალტერნატიული დანახარჯი, თუმცა პირიქით, თუ კომპანიას აქვს ზედმეტად დაბალი ნაღდი ფულის დონე, მაშინ ის დგება მოკლევადიანი ლიკვიდურობის პრობლემის წინაშე.  ნაღდი ფულის ნაკლებობას შეუძლია კომპანია მიიყვანოს მოგების მარჟის დათმობამდე, რათა მოახდინოს ფულის შემოდინება, უარი თქვას საინვესტიციო შესაძლებლობებზე ან ხელი შეუშალოს კომპანიის გაფართოებას. კომპანიები, რომლებსაც შედარებით არასტაბილური შემოსავლები აქვთ, იძულებულნი არიან ფლობდნენ ნაღდი ფულის მაღალ დონეს, ხოლო კომპანიები, რომლებსაც გააჩნიათ სტაბილური ფულადი ნაკადები და კარგი საკრედიტო რეიტინგი, შესაძლებლობა აქვთ შედარებით ნაკლები ნაღდი ფული იქონიონ, რადგან მათი ფულადი ნაკადების პროგნოზი შედარებით ზუსტია და გაუთვალისწინებელი გადინებების პირობებშიც კი ხელი მიუწვდებათ რესურსების მოზიდვის გარე წყაროებზე.  ნაღდი ფულის მაღალი დონის ქონის ერთადერთი დადებითი მხარეა საინვესტიციო შესაძლებლობების მარტივი გამოყენება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარე და შიდა დაფინანსების წყაროების ღირებულება რადიკალურად განსხვავებულია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ფულის ოპტიმალური ბალანსის დადგენა თითოეული კომპანიისთვის.

პრაქტიკაში სახსრების ოპტიმალური დონის დასადგენად გამოიყენება Baumol და Miller-Orr მოდელები. ბაუმოლის მოდელის მიხედვით, კომპანია იწყებს მუშაობას შესაბამისი თანხებით და შემდეგ თანდათან ხარჯავს მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როგორც კი ნაღდი ფული ამოიწურება ან მიაღწევს უსაფრთხოების დონეს, კომპანია ყიდის თავის მოკლევადიან ფასიან ქაღალდებს და ავსებს ნაღდი ფულის მარაგს თავდაპირველ ოდენობამდე. ეს მოდელი მისაღებია მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომელთა ფულადი შემოსავლები სტაბილური და პროგნოზირებადია.

 

 

Q=2∎V∎C/r

სადაც Q -  ფულის ოპტიმალური დონეა;

V - ნაღდი ფულის პროგნოზირებული რაოდენობა პერიოდში (თვე, კვარტალი, წელი);

C - ტრანზაქციული დანახარჯი;

r - მოკლევადიანი ფინანსური ინვესტიციებისთვის კომპანიის მისაღები შემოსავალი.

აღნიშნული მოდელი გვიჩვენებს, რომ ნაღდი ფულის ოპტიმალური დონე ინტენსიურად იცვლება ტრანზაქციული დანახარჯების დონის ცვლილებასთან ერთად.

ბაუმოლის მიდგომისგან განსხვავებით, Miller-Orr-ის მოდელი განკუთვნილია ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც ფულადი ნაკადები არაპროგნოზირებადი და ცვალებადია დროის პერიოდში, სანამ არ მიაღწევს გარკვეულ ზედა ზღვარს. როგორც კი ეს მოხდება, კომპანია იწყებს ფასიანი ქაღალდების ყიდვას, რათა დააბრუნოს სახსრების მარაგი ნორმალურ მდგომარეობაში, რომელსაც ეწოდება დაბრუნების წერტილი.

თუ ნაღდი ფულის მარაგი აღწევს ქვედა ზღვარს, მაშინ კოკმპანია ყიდის ფასიან ქაღალდებს ნაღდი ფულის მისაღებად, მისი მარაგის ნორმალურ ლიმიტამდე გასაზრდელად.

მოცემული მიდგომა ფულის ოპტიმალურ რაოდენობას წარმოადგენს ალბათობის დონით. სწორედ ამიტომ, ის ითვალისწინებს ფულადი ნაკადების მერყეობას.  აღნიშნული მოდელის თანახმად, ფულადი ნაკადები მერყეობს ყოველდღიურად. ბაუმოლის მოდელის მსგავსად მოცემული მოდელის მთავარი დანიშნულებაა ფულად სახსრებზე მაქსიმალური სარგებლის მიღება, ლიკვიდობის შემცირების  თავიდან აცილებით.

ფულადი ნაკადების ფორმირებაზე გავლენას ახდენს გარე და შიდა ფაქტორები. გარე ფაქტორებში განიხილება ფინანსური ბაზრის მდგომარეობა, კრედიტის ხელმისაწვდომობა, მიზნობრივი დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობა და ა.შ. რაც  შეეხება შიდა ფაქტორებს, მნიშვნელოვანია კომპანიის საოპერაციო ციკლი და სეზონურობა, რომელიც უკავშირდება პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციას, საინვესტიციო პროგრამების აუცილებლობას, კომპანიის ამორტიზაციის პოლიტიკას.

 

 

დასკვნა

 

კომპანიის ფულადი ნაკადების ეფექტურ მართვასთანდაკავშირებული ძირითადი საკითხების განხილვისას წარმოვაჩინეთ ჩვენი პოზოცოები ზოგადად ფულადი ნაკადების, მისი მართვისა და ანგარიშგების თეორიული საფუძვლების თაობაზე, კერძოდ: 

  • ფულადი ნაკადები, როგორც ლიკვიდობის წყარო;
  • ფულადი ნაკადები, როგორც საკრედიტო რისკის მაჩვენებლი;
  • ფულადი ნაკადების მინიმალური დონის განსაზღვრა და ჭარბ ფულად ნაკადებზე მიღებული სარგებლის მაქსიმიზაცია.

აღნიშნული მიმართულებები გვიჩვენებს ფულადი ნაკადების მნიშვნელობას კომპანიის საქმიანობაში. აღნიშნული მიმართულებების სწორ მართვას და ფულადი ნაკადების ეფექტურ განაწილებას საინვესტიციო, საოპერაციო და საფინანსო საქმიანობების მიხედვით, შეუძლია კომპანიის ლიკვიდობის ზრდა და საკრედიტო რისკის მინიმუმამდე დაყვანა.  

ფულადი ნაკადების გაზომვისა და ანგარიშგების მეთოდების განხილვიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მეთოდები ერთმანეთისგან განსხვავდება მხოლოდ საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი ნაკადების გამოთვლის სპეციფიკით. თუ პირდაპირ მეთოდში შემომავალი და გამავალი ფულადი ნაკადების პირდაპირი წესით ხდება, არაპირდაპირი მეთოდის დროს, კომპანიის ფინანსური შედეგი, მოგება, კორექტირდება არაფულადი მუხლებით და ვიღებთ წმინდა ფულად ნაკადს. აღნიშნული მეთოდი გაცილებით ინფორმაციულია კომპანიის მენეჯმენტისთვის, რადგან ის აჩვენებს კავშირს მიღებულ მოგებასა და  ფულად ნაკადებს შორის. 

  ფულის მართვის მოდელების განხილვა საშუალებას გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ Miller-Orr-ს მოდელის უპირატესობა Baumol-ის მოდელთან შედარებით არის რეალისტური დაშვებები, კერძოდ Miller-Orr-ს მოდელი არ უშვებს ფულადი ნაკადების თანაბარი ოდენობით გადინებას, რასაც Baumol-ის მოდელში ვხვდებით. პირიქით, Miller-Orr-ს მოდელი  გულისხმობს, რომ ფულადი ნაკადები მერყევია პერიოდის განმავლობაში, რაც, რა თქმა უნდა, გაცილებით რეალისტურია. აქედან გამომდინარე, მოცემული მოდელი მეტად გამოყენებადია Baumol-ის მოდელთან შედარებით.

ლიტერატურა:

  • ჭილაძე ი.,  გოგრიჭიანი ზ. (2011).  ეკონომიკური ანალიზი,  სახელმძღვანელო, გამომცემლობა “მერიდიანი”, თბილისი
  • ჭილაძე ი., გოგრიჭიანი ზ. (2018).  ფინანსური ანალიზი, სახელმძღვანელო, გამომცემლობა “მერანი” თბილისი
  • ჯეიმს ს. ვან ჰორნი, ჯონ მ. ვახოვიჩი, უმცრ. (2009) ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები. გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“
  • Ross S., Westerfield R., Jordan B., G. Roberts (2015).  „Fundamentals of Corporate Finance” 11th edition.
  • Elliott B. and Elliott J. (2008). Financial Accounting and Reporting (12th edn).
  • Richard A. Brealey, Stewart C. Myers, Franklin Allen (2017). Principles of Corporate Finance. 12th Edition

 

References:

  • Chiladze I., Gogrichiani Z. (2011). ekonomikuri analizi. [Economic Analysis, Handbook, Publishing House “Meridiani” Tbilisi.]  in Georgian
  • Chiladze I., Gogrichiani Z. (2011). pinansuri analizi, [Financial Analysis, Handbook, Publishing House “Merani”, Tbilisi.] in Georgian
  • James S. Van Horn, John M. Vakhovich Jr. (2009). pinansuri menejmentis sapudzvlebi. [Fundamentals of Financial Management. Publishing House “Herald of Georgia”.] in Georgian
  • Ross S., Westerfield R., Jordan B., G. Roberts (2015).  „Fundamentals of Corporate Finance” 11th edition.
  • Elliott B. and Elliott J. (2008). Financial Accounting and Reporting (12th edn).
  • Richard A. Brealey, Stewart C. Myers, Franklin Allen (2017). Principles of Corporate Finance. 12th Edition.